ეგვიპტის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 26-28 მარტს გაიმართება.
ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერი აბდულ-ფათაჰ ალ-სისი სავარაუდოდ კენჭს კვლავ იყრის. თუმცა, ალ-სისის, რომელმაც მართვის სადავეები ხელში სამხედრო გადატრიალების გზით ჩაიგდო და 2013 წელს პოსტიდან არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა, საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ დაუყენებია.
არჩევნებში მონაწილეებმა განაცხადი საარჩევნო კომისიაში 29 იანვრამდე უნდა შეიტანონ. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა კაიროში გამართულ შეხვედრაზე.
ეგვიპტეში ეს მესამე არჩევნები იქნება 2011 წლის შემდეგ, როდესაც ჰოსნი მუბარაქის ხანგრძლივი მმართველობა დასრულდა.
არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადება 2 აპრილსაა დაგეგმილი.