ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სინაის ნახევარკუნძულზე მდებარე მეჩეთზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა 235 ადამიანი, 130-მდე კი დაშავდა.
თავდასხმა ქალაქ ბირ ალ-აბედში, პარასკევის ლოცვის დროს მოხდა.
მეჩეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე პირმა ოთხი მანქანიდან მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სასწრაფო დახმარების მანქანებსაც ესროდნენ, რომლებითაც შემთხვევის ადგილიდან დასავებულები გაყავდათ.
ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველა საავადმყოფო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს.
თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. მიმდინარეობს სპეცოპერაცია მათ დასაკავებლად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეგვიპტის უპილოტო საფრენმა აპარტმა მეჩეთზე თავდასხმაში მონაწილე 15 ისლამისტი მებრძოლი მოკლა.
თავდასხმაზე პასუხისმგბელობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.