ეგვიპტეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ეგვიპტეში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი გერმანიის მოქალაქე 60 წლის მამაკაცია. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ლუქსორიდან ჰურგადაში ჩასვლის შემდეგ გამოუვლინდა. სამედიცინო დაწესებულებას პაციენტმა 6 მარტს მიმართა. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, მამაკაცი ეგვიპტეში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
ეგვიპტეში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული სულ 14 პაციენტი მკურნალობს. საავადმყოფოდან ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პაციენტი გაწერეს.
გერმანიაში კი, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ევროპაში, იტალიის შემდეგ ყველაზე მაღალია, 8 მარტის მონაცემებით, ვირუსი 847 ადამიანს აქვს დადგენილი.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში გაუქმდება ყველა მასშტაბური ღონისძიება.