„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ [ფოტო]
„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ [ფოტო]

საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლებს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

კომპანიის სამი დამფუძნებლის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებისას, მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დანაშაულის ხასიათის სიმძიმიდან და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე.

ადვოკატები, რომლებიც თითოეულ ბრალდებულზე 50 ათას ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

გამოძიება საბროკერო კომპანიის დამფუძნებლებს თაღლითობაში და კომპიუტერულ მონაცემებში უკანონოდ შეღწევასა და შეცვლაში ადანაშაულებს. წარდგენილ ბრალდებაში დაკავებულები თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ გარკვეულ პირთა მიმართ დავალიანებებს აღიარებენ და უკვე რამდენიმე თვეა, ამ დავალიანების დაფარვაზე მუშაობენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ჭანტურიას განცხადებით, მათ უკვე აქვთ მოლაპარაკებები გარკვეული თანხის მიღებაზე, რის შემდეგაც ამ თანხას უკვე მათ კლიენტებს ჩაურიცხავენ. ასევე ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ თუ ისინი საპატიმროში არ იქნებიან, გაცილებით მეტი ქმედებების განხორციელებას შეძლებენ თანხების მოსაზიდად, რათა დავალიანების დაფარვა მოხდეს. ასევე ისინი ამბობდნენ, რომ ქვეყნიდან გასვლას არ გეგმავდნენ და გამოძიებასთან წინა თვეების მსგავსად, ახლაც აქტიურად გეგმავდნენ თანამშრომლობას.

ბრალდებულთა ეს არგუმენტები მოსამართლემ არ გაიზიარა.

ბრალდების მხარის ცნობით, კომპანიის მიერ უკანონოდ მოხდა 500 ათას ლარამდე თანხის მითვისება, ხოლო საქმეს 50-მდე დაზარალებული ჰყავს.

საქმის პროკურორი მარიამ გოგოლაური ამბობს, რომ ამ პირებმა მათი საბროკერო კომპანიის მომხმარებლების თანხები თაღლითურად მიითვისეს, ასევე პროკურორის განცხადებით, არ გააფრთხილეს კლიენტები მოსალოდნელი რისკების შესახებ, მათთვის მიცემულ ანგარიშებზე თანხებს არიცხინებდნენ, ამ თანხებს კი, რეალურად თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელები განკარგავდნენ, მათ შორის ხელფასების დასაფარად და ასევე რიცხავდნენ ტოტალიზატორებშიც.

ამასთან, ბრალდების მხარის ინფორმაციით, მომხმარებლები მოატყუეს, რომ მათ მიერ ჩარიცხული თანხებით საერთაშორისო ბირჟებზე ვაჭრობას შეძლებდნენ, თუმცა სწორედ ამ კომპანიის მიერ ხდებოდა მონაცემების შეცვლა, რათა მოგება არ დაფიქსირებულიყო.

დაცვის მხარე ამბობს, რომ კომპანიასთან ასეულობით პირი თანამშრომლობდა და ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმ რამდენიმე ათეულს, რომლებმაც საერთაშორისო ბირჟებზე წარუმატებელი ვაჭრობის გამო თანხები დაკარგეს. მოსალოდნელ რისკებზე კი, ისინი თავიდანვე ხელშეკრულებითაც გაფრთხილებულები იყვნენ.

„ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები საფონდო ბირჟაზე თაღლითობისა და კიბერდანაშაულის ბრალდებით 21 აგვისტოს დააკავეს.