ეფექტური გოლი ფუტსალის ლიგაში - თსუ-მ ნახევარფინალში ილიაუნი დაამარცხა (ვიდეო)
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის პირველი სათამაშო დღე თსუ-სა და „ილიაუნის“ მატჩით დასრულდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა, გამარჯვებული კი საფეხბურთო ლატარიამ – პენალტების სერიამ გამოავლინა.
„ილიაუნი“ ორჯერ დაწინაურდა და ორივე შემთხვევაში თავი თემურ ექიზაშვილმა გამოიჩინა. მაგრამ თსუ-მ წონასწორობა ორჯერვე აღადგინა – პირველად ეს გიორგი ჭოხონელიძემ ეფექტური დარტყმით მოახერხა, მეორე ლევან კობაიძემ გაიტანა და მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა.
დამატებითი დრო გოლის გარეშე მიილია, პენალტების სერიაში კი თსუ-მ 4:3 იმარჯვა და ნახევარფინალურ სერიაში დაწინაურდა.
„სტუდენტური დერბის“ საუკეთესო მოთამაშედ თემურ ექიზაშვილი დასახელდა, რომელსაც 100 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
თემურ ექიზაშვილი, „ილიაუნი“: „ბევრი მომენტი არ გვქონია, მაგრამ მოგება შეგვეძლო… პენალტები კი ლატარიაა. თსუ-ს ვულოცავთ გამარჯვებას, მაგრამ შევეცდებით, სერიაში ანგარიში გავათანაბროთ“.
დავით ბობოხიძე, თსუ-ს მთავარი მწვრთნელი: „ილიაუნისთან“ ყველა შეხვედრა ასეთი დაძაბულია. ყოველ ჯერზე, საკუთარ თავზე მაღლა უნდა ავხტეთ, რომ დავამარცხოთ. დღევანდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშე, თემურ ექიზაშვილი ნამდვილად გამორჩეულია და აუცილებლად უნდა აღვნიშნო მისი თავდადება, შეცვლის გარეშე ითამაშა და ვფიქრობ, მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს გუნდის ლიდერი”.
ფუტსალის ლიგის ნახევარფინალური სერიის განმეორებითი შეხვედრები 8 აგვისტოს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.