ედვარდ პალაგაშვილი - ჩვენ შეზღუდვას არ განვიცდით, თუმცა კანონი რელიგიის შესახებ მისაღებია
საქართველოში ებრაელთა თემის წარმომადგენელი ედვარდ პალაგაშვილი მიიჩნევს, რომ რელიგიის შესახებ კანონის მიღება აუცილებელია.
როგორც პალაგაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლების პრეზენტაციაზე განაცხადა, სააგენტო აქტიურად ეხმარება და მხარს უჭერს ებრაელთა თემს.
მისი თქმით, 19 სინაგოგიდან საქართველოს ებრაელთა კავშირის ბალანსზე 17 უკვე გადაცემულია.
„ფინანსური დახმარება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ სახელმწფოსგან, ხმარდება ამ სინაგოგების მოვლა-პატრონობას.
რაც შეეხება პრობლემებს, ყველაზე დიდი პრობლემა დღეისთვის ისაა, რომ მისაღებია კანონი რელიგიის შესახებ, რომელზეც ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ თხოვნით და ამ საკითხზე დღესაც ვისაუბრებთ. ეს კანონი მოაწესრიგებს სხვადასხვა კონფესიების ურთიერთობებს და თანაბარ პირობებში ჩააყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართებაში“, – განაცხადა პალაგაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, თემი არანაირ შეზღუდვას არ განიცდის, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რომლის დასარეგულირებლად კანონი აუცილებელია.
„ჩვენ არანაირ შეზღუდვას არ განვიცდით, თუმცა არის საკითხები, რომლის მოგვარება რელიგიის სააგენტოს არ შეუძლია და ამისთვის არის აუცილებელი კანონი“, -განმარტა ებრაელთა თემის წარმომადგენელმა.