ედუარდ სნოუდენი აშშ-ში დაბრუნებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის პირობებს ასახელებს
აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ყოფილი აგენტი ედუარდ სნოუდენი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებისა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის პირობებს ასახელებს.
მისი თქმით, ის შტატებში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მართლმსაჯულება მის მიმართ სამართლიანი და ობიექტური იქნება.
სნოუდენის თქმით, სურს, მიეცეს შესაძლებლობა, მოუყვეს ნაფიც მსაჯულებს, რატომ გადასცა გასაიდუმლოებული ინფორმაცია ჟურნალისტებს. მას ასევე სურს, ნაფიც მსაჯულებს მიეცეთ საშუალება, გაეცნონ აღნიშნულ გასაიდუმლოებულ ინფორმაციას და ამის შემდეგ გადაწყვიტონ, რამდენად სამართლიანად მოიქცა.
სნოუდენმა 2013 წელს „ვაშინგტონ პოსტისა“ და „გარდიანის“ ჟურნალისტებს გადასცა გასაიდუმლოებული ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტები შეიცავს მტკიცებულებებს, რომ აშშ-ს დაზვერვის სამსახურები უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ მილიონობით ადამიანზე.