ედუარდ მარიკაშვილი - პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ხელისუფლებას ჰქონდა კარგი სამართლებრივი გზა, პროცესები ნორმალურ, დემოკრატიულ კალაპოტში ჩაეყენებინა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ერთობლივ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ.
ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ვითარების განმუხტვისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადაგმისკენ მოუწოდებს.
მათი თქმით, ოპოზიციის ლოდერის ამ ფორმით დაკავება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამას მოწმობს პარტნიორების განცხადებებიც.
„ხელისუფლებას პოლიტიკური ნების შემთხვევაში ჰქონდა ძალიან კარგი სამართლებრივი გზა, რომ აღნიშნული პროცესები ჩაეყენებინა ნორმალურ, დემოკრატიულ კალაპოტში. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიხილეთ გუშინ რადიკალური განცხადებები და დილის გადაწყვეტილება იყო პიკი, ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ხელისუფლებას მიეღო იმისთვის, რომ მოეხდინა პროცესის ესკალაცია და კრიზისი კიდევ უფრო გაეღრმავებინა. პროცესების კიდევ უფრო მეტად ჩიხში შეყვანა მხოლოდ და მხოლოდ დააზიანებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. დღეს სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, პირველ რიგში, გამოხატონ თავისი პროტესტი და თავისი სიტყვა მიაწვდინონ ადრესატს, თავისი უფლების ფარგლებში, ეს უნდა უზრუნველყოს ხელისუფლებამ. შემდგომ უკვე ყველა ღონე უნდა იქნეს მიღებული, რათა აღნიშნული პროცესები უფრო არ გაღრმავდეს, არ შევიდეთ უფრო მეტ კრიზისში, რაც რეალურად დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე. ასევე, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი დასავლელი მეგობრების ჩართულობა ამ პროცესში, რომ არ დავკარგოთ ის, რასაც მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი დემოკრატიული განვითარების გზაზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებთ“, – განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენელმა ედუარდ მარიკაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.