„ედინაია რასია“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტის, ასევე ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხს დააყენებს
რუსეთის მმართველი პარტიის, „ედინაია რასიას“ ფრაქციის ინიციატივით, დღეს სახელმწიფო დუმის საბჭოში საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის შეწყვეტისა და საქართველოში ფულადი გზავნილების აკრძალვის საკითხზე იმსჯელებენ.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია „ედინაია რასიას“ ფრაქციის ხელმძღვანელზე, სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერ სერგეი ნევეროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს სახელმწიფო დუმის საბჭოს სხდომაზე დავაყენებთ საკითხს საქართველოდან ღვინის, წყლის შეტანის შეწყვეტისა და საქართველოს რესპუბლიკაში ფულადი გზავნილების აკრძალვის შესახებ“, – განაცხადა ნევეროვმა.
დუმის ვიცე-სპიკერი ჩამოთვლილი ზომების საჭიროებას ხსნის იმით, რომ საქართველოში არსებობს „რუსოფობიური განწყობები“, რომლებიც მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის. ნევეროვის მტკიცებით, საქართველოში რუს ტურისტებზე თავდასხმები ხორციელდება, რომლებსაც „გეორგიევსკის ლენტებს“ უხევენ.
„რა თქმა უნდა, ამგვარი ქმედებები დაუშვებლად მიგვაჩნია“, – განაცხადა დუმის ვიცე-სპიკერმა, სერგეი ნევეროვმა.