ედი ჯონსი - ინგლისი ფინალში კიდევ უფრო კარგად ითამაშებს | იაპონია 2019
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ფინალში კიდევ უფრო კარგად ითამაშებს.
ინგლისელებმა რაგბის მსოფლიო თასის ყველაზე მრისხანე მეტოქე, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახალი ზელანდიის ნაკრები დაამარცხეს – 19:7.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა დღევანდელი შეხვედრა საუკეთესო მატჩი ინგლისის ნაკრებისთვის, ედი ჯონსმა უპასუხა:
„მოგვეცით კიდევ ერთი კვირა. ჩვენ ვიცით, რომ მომდევნო კვირაში კიდევ უფრო კარგად ვითამაშებთ“.
ინგლისის ნაკრებს 12 წელია ფინალში არ უთამაშია, ახალი ზელანდია კი ბოლო ორი მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფატორი იყო.
ინგლისის ნაკრები ფინალში უელსი-სამხრეთ აფრიკის ნახევარფინალური მატჩის გამარჯვებულს შეხვდება, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ახალი ზელანდია კი მესამე ადგილისთვის იბრძოლებს.
მეორე ნახევარფინალური შეხვედრა უელსსა და სამხრეთ აფრიკას შორის ხვალ, თბილისის დროით 12:50 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.