ედგარს რინკევიჩსი - პირველ რიგში, მსურს, ვნახო ევროკომისიის ანგარიში, როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის, კანდიდატის სტატუსზეც
როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება, შემდეგი ნაბიჯი იქნება გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის კანდიდატის სტატუსზეც, მაგრამ, პირველ რიგში, გვჭირდება ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის ნახვა, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა.
ლატვიის პირველ დიპლომატს კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს უკეთესი შეფასება ექნება, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას.
„მე პატივს ვცემ მედიას და რეპორტიორებს, მაგრამ, პირველ რიგში, მსურს, ვნახო ანგარიში, გავეცნო, რა წერია დოკუმენტში, როგორ არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეფასებულები და ამის შემდეგ მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ამის დრო მოვა. მანამდე სპეკულირება იქნება ნებისმიერი საუბარი იმაზე, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ ანგარიშზე დაყრდნობით. ბევრი საკითხია, რაც ქვეყანამ უნდა გააკეთოს. ამ გადასახედიდან, რასაკვირველია, როგორც კი კრიტერიუმები შესრულდება, რა თქმა უნდა, ყველასთვის შემდეგი ნაბიჯი იქნება გადაწყვეტილების მიღება, მათ შორის კანდიდატის სტატუსზეც. მაგრამ, პირველ რიგში, გვჭირდება ანგარიშის ნახვა და შემდეგ საბჭო კოლექტიურად მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორია ამაზე ჩვენი შეფასება“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.