ედგარს რინკევიჩსი - ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს
ედგარს რინკევიჩსი - ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს

გაგრძელეთ იარაღის მიწოდება ან უკრაინელები დამარცხდებიან და რუსეთს მწვანე შუქი ექნება, რომ მომავალში სხვებს დაემუქროს, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა სააგენტო „ესოშიეთიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამ განცხადებით ლატვიის პრეზიდენტი იმ ქვეყნებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებასთან დაკავშირებით ყოყმანობენ.

რინკევიჩსის თქმით, მნიშვნელოვანია ბრძოლა საერთაშორისო მშვიდობისა და ევროპაში მშვიდობისთვის, რადგან, მისივე განცხადებით, თუკი რუსეთს შეაჩერებენ უკრაინაში, მაშინ ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყნების გამოწვევას.

როგორც რინკევიჩსმა ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირი უფრო მეტად გაყოფილია ახლო აღმოსავლეთის საკითხზე, ვიდრე უკრაინის საკითხზე. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა მხარი დაუჭიროს როგორც უკრაინას, ისე ისრაელს საერთო ღირებულებებსა და საერთაშორისო წესრიგზე თავდასხმების წინააღმდეგ.

„მჯერა, რომ ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება, თუ უკრაინა წარმატებას მიაღწევს, ვიდრე, თუ უკრაინას დავაღალატებთ ან ასევე დავუშვებთ, რომ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში კონტროლიდან გავიდეს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა.

რინკევიჩსის განცხადებით, უკრაინელები მამაცურად იბრძვიან და დასავლეთი პასუხისმგებელია, უპასუხოს პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან მეტი იარაღის თხოვნას, რადგან, მისი თქმით, „ჩვენ არ მიგვიწოდებია იმდენი, რამდენიც უნდა მიგვეწოდებინა“.

რინკევიჩსმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ახორციელებს ეკონომიკის, რესურსების, სამხედრო პოტენციალის მობილიზებას „ძალიან ხანგრძლივი ომისთვის“. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი ეცადა, ომში სწრაფი გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა გააცნობიერა, რომ ამას ვერ შეძლებდა და ახლა ცდილობს, უკრაინის „მოგუდვას“. ამასთან, რინკევიჩსმა ივარაუდა, რომ რუსეთი განაახლებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს მომავალ თვეებში, როგორც ეს გასულ ზამთარს გააკეთა.

რინკევიჩსის განცხადებით, ევროკავშირი და ნატო ასევე უნდა მოემზადონ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის.

„ევროკავშირმა გააცნობიერა, რომ გვჭირდება მეტი თავდაცვა და სამხედრო ძალები. ამ ეტაპზე ვისურვებდი, რომ ეს უფრო სწრაფი პროცესი ყოფილიყო. თუმცა, როგორც იქნა, საკითხი დაიძრა“, – აღნიშნა მან.