ედგარს რინკევიჩსი - ჩვენ თუ არ გავგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და მხოლოდ სიტყვიერ შეშფოთებას გამოვხატავთ, მაშინ საქართველოში სიტუაცია გაუარესდება
ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა საქართველოსთან მიმართებით ევროპის პოლიტიკა გააკრიტიკა. ამის შესახებ მან Riga StratCom Dialogue 2024-ზე გამოსვლისას განაცხადა.
რინკევიჩსმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში სტაბილურობისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მკაფიო და მტკიცე გზავნილების აუცილებლობას.
სიტყვით გამოსვლისას ლატვიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ 2008 წელს, რუსეთის საქართველოში შეჭრისას საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია არასაკმარისი და ნელი იყო. მისი თქმით, იმ პერიოდში ბევრს სჯეროდა, რომ საქართველომ რუსეთის პროვოცირება მოახდინა.
რაც შეეხება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ედგარს რინკევიჩსის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში არსებობს უკმაყოფილება ევროინტეგრაციის ნელი პროცესების გამო, რომელმაც დაპირებული შედეგები არ გამოიღო.
ლატვიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უფრო მკაფიო მესიჯი უნდა გააგზავნოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებით, რათა არ გაუარესდეს საქართველოში სიტუაცია.
„ჩვენ თუ არ გავგზავნით ძალიან მკაფიო, მკაცრ მესიჯს და მხოლოდ სიტყვიერ შეშფოთებას გამოვხატავთ, მაშინ სიტუაცია გაუარესდება“, – აღნიშნა რინკევიჩმა.
რინკევიჩმა ასევე მოუწოდა საქართველოს მთავრობას, რომ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის სურვილი და არ დაემორჩილოს გარე გავლენებს, რამაც შეიძლება, ხელი შეუშალოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. მისი თქმით, ლატვია მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა პატივს სცემს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს.