ედემ თოდუა, რომელმაც ცოტა ხნის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე გააკეთა განცხადება, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მედიას გაარიდეს [ვიდეო]
მოღალატალე არ ვარ, შევცდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ზუგდიდში, გაერთიანებული ოპოზიციის შტატბში ედემ თოდუამ განუცხადა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი რამდენიმე პირთან ერთად, ხელფასების გადაუხდელობის გამო დატოვა.
ედემ თოდუა შტაბში ბრიფინგზე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ თოდუა შტაბში თავად მივიდა და მოყვა, რეალურად რა მოხდა. ბეჟაშვილმა ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ კამპანიაში დაადანაშაულა.
ბრიფინგის შემდეგ მედიასთან კომენტარი თოდუამ გააკეთა. მისივე თქმით, მართლაც უთხრა ჟურნალისტს, რომ პარტიას ტოვებდა, თუმცა შეცდა და არ იცის, რატომ თქვა. თუმცა ამასთანავე, თოდუამ აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა.
„მოღალატალე არა ვარ, შევცდი. შეხვდი გოგა ზუხბაიას, რომელმაც მითხრა, რომ ერთ კაცს უნდა შეხვედროდა და მასთან ერთად წავსულიყავი. გავედით ერთად და შემხვდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მკითხა, მივცემდი თუ არა ინტერვიუს, რომ ნაწყენი ვიყავი. ვუთხარი, ნაწყენი ვარმეთქი. შტაბში ვმუშაობდი, არ გადაგვიხადეს… არ ყოფილა ზეწოლა, აზრზე არ ვარ, რა მომივიდა იმ მომენტში. არაფერი ზეწოლა არ ყოფილა, შევცდი“, – განაცხადა თოდუამ.
ედემ თოდუასთან ჟურნალისტებს სხვა კითხვებიც ჰქონდათ, თუმცა, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ის მედიას გაარიდეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ 30-მდე კოორდინატორმა ხელფასების გადაუხდელობის მიზეზით დატოვა, მათ შორის იყვნენ ედემ თოდუა და გოგა ზუხბაია.