EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მათ შორის საქართველოში
EBRD-მა გამოყო სასწრაფო „სოლიდარობის პაკეტი“ ერთი მილიარდი ევროს ოდენობით, მათ შორის, საქართველოში, – ამის შესახებ აღნიშნულია EBRD-ის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ერთობლივი ძალისხმევა იყო ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს, EBRD-ის აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველი დირექტორს მატეო პატრონისა და კავკასიის რეგიონული დირექტორს კატარინა ბიორლინ ჰანსენს შორის შემდგარი სატელეფონო ზარის მთავარი თემა.
EBRD-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბანკი გამოყოფს გადაუდებელ დაფინანსებას ადგილობრივი კომპანიების მხარდასაჭერად კორონავირუსის გავრცელების შედეგებთან საბრძოლველად.
„ევროპის რეკონსტრუქტიისა და განვითარების ბანკი ჩვენი ქვეყნის საიმედო პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ იმ უსწრაფეს რეაგირებას, რომელიც ბანკმა მოახდინა საქართველოს მხარდასაჭერად. EBRD-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარება, ხელს შეუწყობს COVID-19 გლობალური გამოწვევიდან გამომდინარე, უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა. მსურს კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ბანკის ხელმძღვანელობას მუდმივი თანადგომისათვის. იმედს გამოვთქვამ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და ძალისხმევით, საქართველოს ეკონომიკა შეძლებს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით უპასუხოს ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მატეო პატრონიმ დადებითად შეაფასა EBRD-სა და სამინისტროს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც მთავრობა დგამს კრიზისთან გასამკლავებლად.
მატეო პატრონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ბანკის მტკიცე ვალდებულება ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით, კრიზისის დროს.
„გადაუდებელი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, EBRD-მა შექმნა „გამძლეობის ჩარჩო”, რათა უზრუნველყოს დაფინანსება EBRD-ის არსებული კლიენტებისთვის, რომელთაც მყარი ბიზნეს საფუძვლები აქვთ და დროებით საკრედიტო სირთულეებს განიცდიან. უფრო ზოგადად, ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ძალისხმევა, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ეკონომიკის მხარდასაჭერად“, – განაცხადა მატეო პატრონიმ.
„კრიზისების დროს, EBRD მხარდაჭერას აფართოებს. 2008 წლის კრიზისის გამოცდილების გათვალისწინებით, ბანკი მხარს დაუჭერს საქართველოს ფინანსურ სექტორს. კონფლიქტისა და გლობალური ეკონომიკური რეცესიის ფონზე, ბანკი უზრუნველყოფს ლიკვიდურობის დიდ დოზას საბანკო სექტორისათვის.
იმის გამო, რომ საქართველო ახალი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას, EBRD–ის მხარდაჭერა მოიცავს ისეთი ზომებს, როგორიცაა გადაუდებელი ლიკვიდურობა, სამუშაო კაპიტალი და ვაჭრობის დაფინანსება. ბანკი თანამშრომლობს დიდი ხნის პარტნიორ კომერციულ ბანკებთან, რათა ხელი შეუწყოს კერძო სექტორისათვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, დაფინანსებაზე წვდომას.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რამდენიმე პროექტის შემუშავების დაჩქარების შესაძლებლობა სამუშაო ადგილების შექმნის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, ბანკი ამჟამად მუშაობს ახალი პროგრამაზე, რათა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტს ჰქონდეს წვდომა გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურაზე. EBRD ასევე მუშაობს ელექტრომომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე განახლებადი ენერგიის წარმოების სექტორის შემდგომი მხარდაჭერისათვის.
EBRD ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინვესტორთა საბჭოს საშუალებით კერძო და საჯარო სექტორის დიალოგის წარმართვაში, კერძო სექტორის რეალური და დაუყოვნებელი საჭიროებების შეფასების მიზნით.
EBRD ასევე უზრუნველყოფს ბიზნეს კონსულტაციებს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. ბანკმა მხარი დაუჭირა 1400-ზე მეტ კომპანიას შესრულების ხარისხის და ზრდის კუთხით. ის ეძებს გზებს ამ აქტივობების გასაძლიერებლად მცირე და საშუალო ბიზნესის კრიზისის დაძლევაში დახმარების მიზნით.
EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 249 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 87 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის“, – აღნიშნულია EBRD-ის ინფორმაციაში.