EBRD-ის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას დაუდასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად
EBRD-ის პრეზიდენტმა გიორგი გახარიას დაუდასტურა მზადყოფნა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად

EBRD-ი საქართველოს განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია და პოსტ-პანდემიური ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ წარმატებული, სამაგალითო თანამშრომლობის გაძლიერებას, რომლის შედეგად ბოლო წლებში საქართველო ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენეფიციარია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ EBRD-ის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ ღენო-ბასოსთან ონლაინ-ფორმატში შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა EBRD-ის ახალ პრეზიდენტს წარმატებული საქმიანობა უსურვა, განსაკუთრებით გლობალური გამოწვევების გათვალისწინებით და ხაზი გაუსვა EBRD-ის მხარდაჭერით ქვეყნის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის და კერძო სექტორის განვითარების მიზნით გაწეულ მხარდაჭერას, რომლის ფარგლებში ჯამში 4 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების 250-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

გიორგი გახარიას შეფასებით, განსაკუთრებით მისასალმებელია EBRD-ის როლი კერძო სექტორის მხარდაჭერაში და ის ფაქტი, რომ პანდემიის მიუხედავად, EBRD-მა 2020 წელს ბიზნესისა და ფინანსური სექტორის მხარდაჭერა გააორმაგა, რადგან ძლიერი კერძო სექტორი ეკონომიკური ზრდის და მდგრადი განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. შეხვედრისას, რომელშიც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მონაწილეობდნენ, ყურადღება გამახვილდა პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებზე და EBRD-ის მხარდაჭერის კრიტიკულ მნიშვნელობაზე პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენისთვის. ასევე ხაზი გაესვა ინვესტორთა საბჭოს პლატფორმის მნიშვნელობას მთავრობასა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაციისთვის, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების უკეთ იდენტიფიცირებას და სტრუქტურული რეფორმების განსაზღვრას, რომელთა განხორციელება, პოსტპანდემიური ეკონომიკური საჭიროებების გათვალისწინებით, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. EBRD-ის პრეზიდენტმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ძალისხმევას და კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის მართვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასა. შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და EBRD-ის პრეზიდენტმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტის დიდ მნიშვნელობას, განსაკუთრებით კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ეს ვირტუალური ვიზიტი საქართველოში და მის გუნდთან შეხვედრა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. EBRD-ი არის საქართველოს განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომელსაც EBRD-ი უკვე ახორციელებს საქართველოში, როგორც ფიზიკური ინფრასტრუქტურის, ასევე ენერგოსექტორის, სტრუქტურული რეფორმების და ბევრი სხვა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია EBRD-ისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა იმ ხმამაღალი განაცხადისთვის, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის შესახებ და EBRD-ი არის ის ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რათა ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს. უმნიშვნელოვანესია EBRD-ის დახმარება კერძო სექტორისთვის. მოგეხსენებათ, კერძო სექტორი არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს ასეთი დახმარებისთვის. უმნიშვნელოვანესია ის სფეროები, რომელზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ – ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ფიზიკური ინფრასტრუქტურა, სტრუქტურული რეფორმები და რა თქმა უნდა ამ მიმართულებით თანამშრომლობას გავაგრძელებთ. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს და გამოვთქვა იმედი, რომ, ახალი საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიული პროგრამა შემდგომი 5 წლის განმავლობაში, რომელზეც EBRD-მა მუშაობა უკვე დაიწყო, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც მიმდინარე პროგრამა იყო“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

EBRD-ის პრეზიდენტმა დაადასტურა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთგულება, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა კორონავირუსით გამოწვეული სირთულეების დასაძლევად და ხელი შეუწყოს ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური აღდგენის უზრუნველყოფას.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის მიმართ თბილი მიღებისა და ვირტუალური ვიზიტის დროს წარმართული დიალოგის ხარისხისთვის. მახარებს ის ფაქტი, რომ EBRD-ის პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი საოპერაციო ქვეყნებიდან პირველად საქართველოში ტარდება. ფორმატი ვირტუალურია, რადგან მობილობის შეზღუდვები არსებობს. მაინც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იყო, შევხვედროდი მთავრობას და ძალიან კარგი თანამშრომლობა გაგვეგრძელებინა. შეხვედრისას განვიხილეთ ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტი საქართველოზე, ქვეყნის გამკლავება ამ უპრეცედენტო გამოწვევასთან და ევრობანკის დახმარება კრიზისის დაძლევასა და ისეთი საფუძვლის შექმნაში, რომელიც მდგრად და ინკლუზიურ ზრდას განაპირობებს. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ მიზანდასახულობით, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს კრიზისის დაძლევის საქმეში. საჯაროდ მინდა განვაცხადო, რომ ევრობანკის გააზრებულად აქვს ნაკისრი ვალდებულება ქვეყნის სამომავლო განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება ძალიან ძლიერ საფუძველს, რადგან 2020 წელს ინვესტიციების ჯამურმა ოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია – 630 მილიონი ევროს ოდენობის ჯამური ბიუჯეტით 16 პროექტის ფარგლებში, რომლებიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ხორციელდება არსებულ და ახალ კლიენტებთან პარტნიორობის გზით. ჩვენი ინიციატივები მოიცავს მთელ სპექტრს ენერგეტიკიდან ჯანდაცვის სფეროს ჩათვლით. რა თქმა უნდა, ვეხმარებით მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომლებიც რეალური ეკონომიკის მნიშვნელოვანი სეგმენტია. ახალი კორონავირუსის პანდემიამ ყველა ქვეყნის ეკონომიკა ჩააგდო უპრეცედენტო მდგომარეობაში. ევრობანკის რეაგირება მყისიერი იყო, რადგან სოლიდარობის პაკეტი შევიმუშავეთ 1 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რათა ჩვენს საოპერაციო არეალში წევრ ქვეყნებს დავეხმაროთ ვირუსის გავლენის დაძლევაში. ამას ძალიან ძლიერი მიზანსწრაფულობით ვახორციელებთ საქართველოში და ჩვენი მიზანია ადგილობრივი ეკონომიკისთვის სარგებლის მოტანა. სამომავლო საქმიანობის დაგეგმვისას – და სწორედ ეს იყო ჩვენი საუბრის ძირითადი ნაწილი – ვისაუბრეთ ევრობანკის ძლიერ პოზიციაზე საქართველოს ეკონომიკის მხარდაჭერის გაგრძელების კონტექსტში შემდეგი კომბინაციით: კერძო სექტორის დაფინანსება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენის მიზნით აქტიური დიალოგი დარგობრივი პოლიტიკის და ინიციატივების ნაწილში. ჩვენი სამომავლო ხუთწლიანი სტრატეგიის მომზადებისას, რომელშიც აქცენტი გაკეთდება საქართველოს საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ „მწვანე ეკონომიკის“ ხელშეწყობაზე, სოციალურ თანასწორობაზე და სერვისების გაციფრულებაზე. პრიორიტეტებად მიგვაჩნია ქვეყნის კერძო სექტორის შემდგომი განვითარება, ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენა, მეტი ინკლუზიურობის უზრუნველყოფა ეკონომიკაში, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო საშუალებების განვითარება, განსაკუთრებით გაციფრულების მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს რეფორმების განხორციელება, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გრაფიკით გათვალისწინებული ამოცანების ფარგლებში, რომელიც შესანიშნავი ჩარჩო დოკუმენტი, გზამკვლევი და კალენდარია სტრუქტურული რეფორმების ნაწილში. ამდენად, მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო მუშაობის გაგრძელებას ამ სტრატეგიის შემუშავების დროს. ევრობანკი მხარს უჭერს საქართველოს, როგორც ინვესტორი და მეგობარი. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ქვეყნის მთავრობას ასეთი თბილი მიღებისთვის და ძალიან ნაყოფიერი დისკუსიებისთვის“, – აღნიშნა ოდილ ღენო-ბასომ.

საქართველოსა და EBRD-ის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე საუბრისა და ახალ პერსპექტივებზე მსჯელობისთვის გიორგი გახარიამ ოდილ ღენო-ბასო საქართველოში მოიწვია.