EBRD ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის 28 მილიონი ევროს გამოყოფს
დღეს, საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი – კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსების მიზნით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.
„შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში. პროექტის განმახორციელებელია – შპს „ენგურჰესი“.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა შვიდი მილიონი ევრო გრანტის სახით.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.