აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან იარაღი წაიღეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბა აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.
„მათ გახსნეს ყველა კაბინეტი, მათ შორის იარაღის ოთახი და ახლა იარაღის გარკვეული რაოდენობა მათ ხელშია. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის შედეგადაც ხუთი ერთეული იარაღის დაბრუნება უკვე მოხერხდა“, – განაცხადა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარემ, მუჰამედ კილბამ.
ამასთან ერთად, მუჰამედ კილბამ აღნიშნა, რომ მათთვის არსებული ინფორმაციის თანახმად, შენობაში 250-300 ადამიანი იმყოფება.
მისივე თქმით, „ხელისუფლების მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან“.
ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ძალოვანი სტრუქტურების მთავარი მიზანი ადმინისტრაციის შენობის ბლოკირებაა, რათა მასში კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეღწევა ვერ მოახერხოს.
შეგახსნებთ, დღეს დილას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმში სროლის ხმა გაისმა, თუმცა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.