ე.წ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელება შესაძლოა, კანონმდებლობით აიკრძალოს
უწყებათაშორისმა კომისიამ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის მეხუთე სხდომა გამართა. სხდომას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ კომისიის წევრები − აღმასრულებელი ხელისუფლების, საარჩევნო პროცესში ჩართული პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, სხდომაზე განიხილეს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ (გელა) სალუაშვილის განცხადება.
მისი თქმით, დავით ბაქრაძისა და გრიგოლ ვაშაძის გარშემო გაერთიანებულ პარტიებს – კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს – კანონი აძლევს საშუალებას, დაასახელონ ე.წ. ტექნიკური საპრეზიდენტო კანდიდატები, მიიღონ დამატებით უფასო საეთერო დრო და დაფინანსება.
არჩევნებამდე კი ტექნიკური კანდიდატები მოხსნიან კანდიდატურას მათი პარტიების მიერ რეალურად მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. მიხეილ სალუაშვილის განცხადებით, ეს არღვევს სამართლიანობის პრინციპს სხვა კანდიდატებთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან კვალიფიციური სუბიექტების მიერ დასახელებულნი და იწვევს დამატებით ხარჯებს ბიუჯეტიდან. სალუაშვილმა რეაგირება კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისგან მოითხოვა.
პასუხად პარტია „ახალი საქართველოს“ წარმომადგენელმა დაადასტურა ტექნიკური კანდიდატის არსებობა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ საკითხს კომისია მომდევნო სხდომაზე დაუბრუნდება, თუმცა არჩევნების შემდგომ ის საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს. დღევანდელ სხდომაზე საიას უნდა წარედგინა იმ კვლევის მეთოდოლოგია, რომელზე დაყრდნობითაც არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაში შესაძლო ხარვეზებზე საუბრობდა.
კომისიის წევრებმა დაპირებული ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს, რადგან საიას, მიუხედავად ორკვირიანი პერიოდისა, დღემდე მტკიცებულებები და ინფორმაცია კონკრეტული დასკვნების (6 შემთხვევაში აღმოჩენილი „სავარაუდო“ ნათესაური და მეგობრული კავშირები) შემუშავების მეთოდოლოგია არ წარმოუდგენია.
ცესკო-ს წარმომადგენელმა კომისიას მიაწოდა ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
კომისიის წევრებს მან ის კრიტერიუმები გააცნო, რომელთა გათვალისწინებით ხდება წევრების დანიშვნა. მან მოუწოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, აქტიურად დააკვირდნენ შერჩევის პროცესს.