სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჯანჯღავას პატიმრობა შეეფარდა
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ნუგზარ ჯანჯღავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაცვის მხარე ჯანჯღავასთვის, რომელიც დაკავებამდე ჯანდაცვის სამინისტროს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ნუგზარ ჯანჯღავა თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.
პროკურატურამ კი პროცესზე განმარტა, რომ საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებები, რომლებითაც დასტურდება, რომ რეგიონული სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გია თვალავაძისთვის გადასაცემად ქრთამს აგროვებდა. გია თვალავაძე, რომელიც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი იყო, ასევე სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზეა დაკავებული.