ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა
ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის 11 ოქტომბერს მიღებული განჩინებით დაუშვებლად ცნო საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განაჩენზე.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენით ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დ.ა. დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამი პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის ცნობით, ამავე საქმეზე გ.დ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სამი პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2006 წლის 12 იანვარს, ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის დ.ა.-ს  და ამავე დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსის გ.დ.-ს თანამონაწილეობით, ასევე  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების ლ.ქ.-ს და გ.მ.-ს მიერ მოკლული იქნენ ციხეზე თავდამსხმელებად გამოცხადებული, სინამდვილეში კი  სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები – 17 წლის შ.გ., 20 წლის რ.ს. და 22 წლის მ.ა.

ვინაიდან დ.ა. და გ.დ. თავს არიდებდნენ საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად წარედგინათ. 2016 წლის 22 მარტს, ძებნილი გ.დ. საქართველოში ექსტრადირებული იქნა ნიდერლანდების სამეფოდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ.ა.-ს განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.

შეგახსენებთ, რომ გ.დ.-ს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად, 3 პირის განზრახ მკვლელობა) და 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით). თბილისის საქალაქო სასამართლომ გადააკვალიფიცირა გ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება და იგი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,109-ე  მუხლის ,,ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით. საბოლოოდ გ.დ.-ს სასჯელის სახედ და ზომად, სასჯელთა შთანთქმისა და ამნისტიის გამოყენების შემდეგ საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება“,- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.