ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხილვაზე პროკურატურამ საკუთარი წინადადება წარადგინა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ნადარეიშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე პროკურატურის შეთავაზებებზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის წინადადებაა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლების ნაწილში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად დაემატოს.
„ჩვენ გარკვეული შეთავაზებები გვქონდა. კონკრეტულად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლების ნაწილში სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი დანაშაული, ცალკე დამატებით ნაწილად ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებად დამატებულიყო. რამდენი წლით დასჯადი იქნება, ამაზე ჯერ ლაპარაკი არ არის, ჯერ აქ თეორიულ საკითხებზეა საუბარი. ეს კანონპროექტი დახვეწისა და დამუშავების ეტაპზეა. ჩვენ როგორც კითხვები ისე გარკვეული წინადადებები გვქონდა, რომელზეც მსჯელობა და დისკუსია მიმდინარეობს. იმედია, საერთო აზრს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც ამ კანონპროექტის საბოლოო ვერსიაში აისახება”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.