ფიროსმანის „კახური ღვინოს“ საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ფიროსმანის ,,კახური ღვინოს“ საქმეზე ხუთი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.
ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დავით ზირაქაშვილი, გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე და ზურაბ დათუკიშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18, 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულების გამამართლებელი მტკიცებულებები. წარდგენილი ბრალდების შესაბამისად, მათ ბრალი ედებოდათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 500 000 აშშ დოლარად გასხვისების მიზნით, საზღვარგარეთ გატანის მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ აბრას „კახური ღვინოს“ არასდროს ჰქონია მინიჭებული მსგავსი სტატუსი. შესაბამისად, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა. გარდა აღნიშნულისა, იმჟამინდელი გამოძიების მიერ კატეგორიულად ვერ იქნა დადგენილი, ხსენებული ნამუშევარი ნამდვილად მიეკუთვნებოდა თუ არა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და 2021 წლის 27 იანვარს ხუთივე მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, ფერწერული ნამუშევარი „კახური ღვინო“ დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს“, – ნათქვამია გენერალური პროკურატურის ინფორმაციაში.