საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაციების მიერ ორგანიზებული „E ლიგის“ ვირტუალურ გათამაშებაში პირველი ტური „ბ“ ჯგუფის ორი შეხვედრით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ ამით გუნდები კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გახალისებას ცდილობენ. კიბერფეხბურთში ეროვნული ლიგის გუნდებს მოქმედი ფეხბურთელები წარმოადგენენ. პირველ მატჩში ზურაბ ღირდალაძე (სამტრედია) გიორგი ჩოჩიშვილს (დილა) დაუპირისპირდა. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც გოლი არ გასულა, სადაც პირველი ყვითელი ბარათი აჩვენეს და მატჩი საბოლოოდ, 0:0 დასრულდა.
გაცილებით საინტერესო სანახავი იყო ირაკლი რუხაძისა (თელავი) და ლუკა კიკაბიძის (ჩიხურა) შეხვედრა, რომელიც დღის ყველაზე სანახაობრივი დაპირისპირებაც გამოდგა. თამაშის ბედი 84-ე წუთზე გატანილმა გოლმა გადაწყვიტა და „თელავმა“ პირველი მატჩი მოიგო 3:2.
შეგახსენებთ, რომ „ა“ ჯგუფში გიორგი ფანცულაიამ (ტორპედო) გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ) 4:2 დაამარცხა, ხოლო სანდრო ალთუნაშვილმა (საბურთალო) – გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი) – 4:1. მეორე ტურის მატჩები 24 აპრილს გაიმართება.