ევროკავშირი რუსეთში დაპატიმრებული ოლეგ სენცოვისა და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელების გათავისუფლებას ითხოვს
ევროკავშირი რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის ოლეგ სენცოვისა და უკანონოდ დაკავებული სხვა უკრაინელების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ოლეგ სენცოვის საქმე წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების ელემენტარული სტანდარტების დარღვევას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სენცოვმა გამოავლინა სიმამაცე და თავდადება 145-დღიანი შიმშილობის დროს.
„მისი ჯანმრთელობა გაუარესდა კრიტიკულ მდგომარეობამდე. სამედიცინო დაწესებულებაში მისთვის სამედიცინო მკურნალობის აღმოჩენაზე უარის თქმით, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ დაარღვია ადამიანის უფლებები და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საკუთარი ვალდებულებები“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
„ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ოლეგ სენცოვს. სასწრაფო და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გარდა, მის და რუსეთსა და ყირიმის ნახევარკუნძულზე უკანონოდ დაპატიმრებული უკრაინის ყველა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელოდება. ნახევარკუნძულზე უნდა იყოს დაცული ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტები“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ოლეგ სენცოვმა შიმშილობა შეწყვიტა. მოგვიანებით, უკრაინელი რეჟისორის წერილი გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მას შიმშილობის შეწყვეტა აიძულეს.
უკრაინელმა რეჟისორმა ოლეგ სენცოვმა შიმშილობა 14 მაისს გამოაცხადა. ის რუსეთის ციხეებიდან ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვდა.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა სენცოვი სამ პირთან ერთად, ყირიმში ტერორიზმის ბრალდებით 2014 წლის მაისში დააკავეს. რუსული სპეცსამსახურების მტკიცებით, ისინი სიმფეროპოლში, სევასტოპოლსა და იალტაში დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ.
2015 წლის 25 აგვისტოს რუსეთის სასამართლომ რეჟისორს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.