ძველი საბურავებისა და ქვის ნამსხვრევისგან ინჟინრებმა გზის გამძლე საფარი შექმნეს — #1tvმეცნიერება
გადასაყრელი ნარჩენი მასალებისგან რაიმე გამოსადეგის წარმოება იდეალური სცენარია, როდესაც საქმე ეხება მდგრად გადამუშავებას. სად შეიძლება წავიღოთ ძველი საბურავები? პირდაპირ გზის ზედაპირზე.
აღმოჩნდა, რომ ძველი საბურავებისა და მშენებლობის დროს დარჩენილი ქვის ნამტვრევების შერევით დამზადებულმა ახალმა მასალამ საავტომობილო მოძრაობის დაწოლას გაუძლო. უფრო მეტიც, ის უფრო დრეკადია, ვიდრე სტანდარტული გზის მასალა და შესაბამისად, ნაკლებად იბზარება.
გადამუშავებული ბეტონის აგრეგატისა (RCA) და დაქუცმაცებული საბურავების ნარევი შესაფერისია საძირკვლის ფენად გამოყენებისთვის, ასფალტის ქვეშ. გადამუშავებული ბეტონის აგრეგატს ამ მიზნით უკვე გამოიყენებენ, მაგრამ საბურავის ნაჭრების დამატებით, ის თავის ფუნქციას უკეთესად ასრულებს.
„გზის ტრადიციული საძირკველი კეთდება არამდგრადი პირველადი მასალებისგან, დამსხვრეული ქვებისა და ბუნებრივი ქვიშისგან. ჩვენ მიერ დამზადებული ნარევი მასალა ასი პროცენტით გადამუშავებული ალტერნატივაა, რომელიც გვთავაზობს ძველი საბურავებისა და სამშენებლო ნარჩენების ხელახლა გამოყენების ახალ გზას, რომელიც ძლიერ აკმაყოფილებს გზის საკვანძო კრიტერიუმებს — დრეკადობას, სიმტკიცესა და მუდმივ დეფორმაციას“, — ამბობს მელბურნის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტის სამოქალაქო ინჟინერი მოჰამად საბერიან ბორუჯენი.
საბოლოო ჯამში, მკვლევრებმა განსაზღვრეს, რომ იდეალურია 0,5 პროცენტი სუფთა რეზინისა და 99,5 პროცენტი გადამუშავებული ბეტონის აგრეგატის ნარევი; ინარჩუნებს საჭირო სიმტკიცეს და ამავე დროს, ეს ორი მასალა ერთმანეთში კარგად რჩება შეკრული. რეზინის წილის მომატების შემდეგ, მასალის სიმტკიცე შემცირდა.
რაც უფრო მალე გამოვიყენებთ ამ სახის მასალებს, მით უკეთესია; როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, ყოველწლიურად მსოფლიოში 1 მილიარდი დოლარის ღირებულების საბურავები იწარმოება; მშენებლობის, რემონტისა და ნგრევის ნარჩენებზე კი ყოველწლიურად მსოფლიო ნარჩენების ნახევარი მოდის.
ძველ საბურავებს ძირითად მიწაში მარხავენ ან წვავენ, რა დროსაც ჰაერში კიდევ უფრო ბევრი CO2 გამოიყოფა და გარემო ბინძურდება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით, რაც საბოლოოდ, ცუდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
კარგი ამბავი ის არის, რომ ბოლო დროს იზრდება საბურავების გადამუშავების მოცულობა; მსოფლიოს ზოგ ქვეყანაში ძველი საბურავებისგან ამზადებენ სხვადასხვა მასალას, მათ შორის, სამშენებლო მასალებს.
კვლევა ჟურნალ Construction and Building Materials-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია rmit.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.