ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ ცხრა მარშრუტზე შეიცვალა
ძველი მუნიციპალური ტრანსპორტი 40 ახალი ავტობუსით კიდევ ცხრა მარშრუტზე შეიცვალა. ავტობუსები საზოგადოებას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად წარუდგინა.
ISUZU-ს მარკის, 8-მეტრიანი, დიზელის ძრავზე მომუშავე, „ევრო 6“ ემისიის სტანდარტის ავტობუსები ცხრა მარშრუტზე, ხვალიდან ეტაპობრივად გადანაწილდება.
კერძოდ: N53 – ცაიშის ქუჩა (კუკია) – სადგურის მოედანი; N49 – სადგურის მოედანი – შალვა ნუცუბიძის III მ/რ (წრიული); N44 – ზემო ფონიჭალის დასახლება – ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა (გაჩერება „კონკის“ მხარეს); N47 – თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის I მ/რ) – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) N22 – სოფელი ნასაგური – მეტროსადგური „ისანი“; N41 – სოფელი წინუბანი – მეტროსადგური „ისანი“; N29 – სადგურის მოედანი (სასტუმრო „კოლხეთის“ მიმდებარედ) – სოფელი თხინვალა; N89 – მეტროსადგური „დიდუბე“ – ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა (მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ მიმდებარედ); N18 – სოფელი პატარა ლილო – მეტროსადგური „ისანი“.
ავტობუსები 53 მგზავრზე გათვლილი, აქედან 21 დასაჯდომი ადგილია. ავტობუსები სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. სალონში გამოყოფილია სპეციალური სივრცე და აქვს გადმოსაშლელი პანდუსი, ეტლით ავტობუსში ასვლის უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, ავტობუსში განთავსებულია როგორც wifi მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის wifi-ს სიგნალით დაფარვას, ასევე თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები. აქვს ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგისა და საინფორმაციო ხმოვანი შეტყობინებების სისტემები, usb-დამტენები.
ავტობუსები მერიამ მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში შეისყიდა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 2019 წელს 90 ერთეული 10-მეტრიანი MAN-ისა და 220 ერთეული 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი შეიძინა.