საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზაზე, ძველი ხიბულას ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია. ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე დაგეგმილია რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია: საქვარაიოს უბანში იგეგმება 1.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის 3 კმ-იანი მონაკვეთისა და საღურწკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე 1.1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და ძველ ხიბულაში, სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტექნიკურად შეაფასეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ძველი ხიბულას გზის რეაბილიტაციის შემდეგ, აღნიშნული მიმართულებით გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება, შემცირდება მგზავრობის დრო და ხარჯი.