მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში მსვლელობა გაიმართა
მკერდის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი „ვარდისფერი ოქტომბრის” ფარგლებში “ევროპა დონა საქართველოს” ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე მსვლელობა გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად ჰაერში ვარდისფერი ბუშტები გაუშვეს. როგორც აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა და „ევროპა დონას” ხელმძღვანელმა ანა მაზანიშვილმა აღნიშნა, მათ დღევანდელი აქციით სურთ, ქალბატონებმა ყურადღება მიაქციონ მკერდის კიბოს ადრეულ სკრინინგს და ადრეულ დიაგნოსტირებას, რათა დაავადების შემდგომი გართულებები თავიდან აიცილონ.
„ვარდისფერი ოქტომბერი” მსოფლიოში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნება. ესენია: მსვლელობა, ფლეშმობი, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა და საქართველოც ყოველწლიურად უერთდება ამ მოძრაობას. ჩვენი აქციით გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაქციოთ მკერდის კიბოს, რომელიც ყველაზე გავრცელებული დაავადებაა ქალბატონებში და გვსურს, ადრეულ სკრინინგზე გაამახვილონ ყურადღება, იყვნენ თავიანთი ჯანმრთელობის სადარაჯოზე, რადგან ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან ბევრი ქალბატონის სიცოცხლის გადარჩენის გარანტია” – განაცხადა მაზანიშვილმა.