ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ფოთში ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
მათივე ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ოპერატიულად აწარმოებენ აღდგენით სამუშაოებს და აბონენტებს ელექტროენეგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.
„ძლიერი ქარის შედეგად ფოთში დაზიანდა რიგი ინფრასტრუქტურა. კერძოდ, დაზიანებულია ელექტროგადამცემი სადენები, გარე განათების ბოძები, რიგ სახლებზე სახურავებია გადახდილი. მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ სამუშაოებს, მყისიერი რეაგირება ხდება შემოსულ ზარებზე და ლოკალურად ვახდენთ პრობლემის მოგვარებას. წაქცეული ხეების გამო რამდენიმე ადგილას გადაკეტილია საავტომობილო გზა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გიორგი თოლორდავამ.
ამასთან, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, დღეს ღამით ფოთში მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარის გაძლიერება, საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული სანაპირო ზოლზე. მათივე ცნობით, სამი დღის განმავლობაში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, შაბათს კი გამოიდარებს.