ზუგდიდის ბაზარში ძლიერი წვიმის შედეგად, მოვაჭრეების დახლებთან მისასვლელი გზები დაიტბორა.
როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ბაზრის შიდა ტერიტორიაზე დაგროვილი წყლის გამო, მოვაჭრეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
ბაზრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ეს საკითხი მათ არ ეხებათ, არამედ ობიექტების მესაკუთრეებმა უნდა იზრუნონ, რომ ნაგავი არ დაიყაროს და საკანალიზაციო მილი არ გაივსოს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენით.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკანალიზაციო მილის ამოსაწმენდად სპეციალური მანქანაა საჭირო, რომელიც რეგიონს მხოლოდ ერთი გააჩნია. სპეციალური მანქანა ამჟამად ფოთშია და როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ, ზუგდიდში ჩამოიყვანენ და შესაბამისად, ბაზრის ტერიტორია გაიწმინდება.