ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარე ტანამ გორის მუნიციპალიტეტის ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა, მოგლეჯილია ხეები
ძლიერი წვიმის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში მდინარე ტანა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ რამდენიმე მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი დატბორა. ასევე, დააზიანა სოფლებს, ლევიტანასა და გაგლოაანთ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოში აცხადებენ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
„ძლიერ წვიმას მოჰყვა მდინარე ტანას ადიდება. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. რამდენიმე ადგილზე შეიქმნა პრობლემა. სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ვიმყოფებით. ლევიტანამდე ასვლა ვერ მოვახერხეთ. დაზიანდა სოფლებს, ლევიტანა-გაგლოაანთ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი. სააგენტომ ინფორმაცია უკვე გაავრცელა და მოვუწოდებთ მოსახლეობას სიფრთხილისკენ, რადგან მდინარემ დააზიანა და მოწყვიტა ხეები“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა, გიორგი ედიშერაშვილმა.