„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მოსახლეობასთან ერთად, გორის ნაგავსაყრელთან მივიდნენ და პრობლემებს ადგილზე გაეცნენ
კოალიცია „ძლიერი საქართველო“ შიდა ქართლის რეგიონული საარჩევნო ტურნეს ფარგლებში გორის მოსახლეობას შეხვდა და გაერთიანების საარჩევნო გეგმა გააცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, გორის მოსახლეობას, გარდა სოციალურისა, ადგილობრივ მუნიციპალურ უწყებებში არსებული კორუფცია და ნეპოტიზმი აწუხებს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გორის ნაგავსაყრელთან მივიდნენ და პრობლემას ადგილზე გაეცნენ. მათი თქმით, ნაგავსაყრელი, რომელიც დასახლებულ პუნქტთან და მდინარესთან ახლოს მდებარეობს, სერიოზულ პრობლემას უქმნის ადგილობრივებს, რასაც ისინი, წლებია, აპროტესტებენ.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი მიზანია ევროპული ინტეგრაცია და ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც გულისხმობს ისეთ განვითარებას, რომელიც სწორედ ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებთანაა თანხვედრაში“, – ნათქვამია კოალიციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.