ძლიერი ქარის შედეგად, იმერეთში 200-ზე მეტი შენობის სახურავია დაზიანებული, მოთხრილია ხეები, პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით
ძლიერი ქარის შედეგად, იმერეთში 200-ზე მეტი შენობის სახურავია დაზიანებული, მოთხრილია ხეები, პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით

მეოთხე დღეა, ძლიერი ქარია ქუთაისში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. სტიქიის შედეგად ქუთაისში 200-ზე მეტი ობიექტის, მათ შორის საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავებია დაზიანებული, ქალაქში მოთხრილია ხეები და პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში 567 შენობას ნაწილობრივ აქვს სახურავი გადახდილი, მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.

დაზიანებულია 333 კერძო სახლი, 176 მრავალბინიანი სახლი, 39 სახელმწიფო ობიექტი, 19 სხვადასხვა ობიექტი.

რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში შეუძლია, არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.

რეგიონში მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას უწევენ მოსახლეობას. ასევე, შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულთა მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.

გარდა ამისა, რეგიონის მასშტაბით გრძელდება სტიქიით გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები.