ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 389 შეტყობინება შევიდა [ფოტო]
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 389 შეტყობინება შევიდა [ფოტო]

ძლიერი ქარის გამო, 21:30 საათის მონაცემებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან შემოსულია 389 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმერეთიდან შესულია 300 შეტყობინება, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან – 75, ხოლო გურიიდან – 14.

„იმერეთი – გამოძახებების უმრავლესობა (200) დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 130 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 150 შენობას ახადა სახურავი.

სამეგრელო-ზემო სვანეთი – ძლიერი ქარის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი მოქალაქე, დაზიანდა 1 ავტომანქანა. ქარმა 32 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 40 ხე.

გურია – ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

სამივე რეგიონში მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 450 მეხანძრე-მაშველი“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.