საავტომობილო გზების დეპარტამენტი ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია. მიმდინარე სამუშაოებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი ადგილზე გაეცნო. მოსამზადებელი და სამობილიზაციო სამუშაოები ასევე დაწყებულია აღნიშნული გზის მეორე, მოლითი-ჩუმათელეთის 25 კმ-იან მონაკვეთზე.
ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია მოიცავს ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გზა მიუყვება მდინარეებს ჩხერიმელას, ძირულას და ასევე ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის ხაზს.
ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია, აწუხებს. საავტომობილო გზების დეპრტამენტის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 23 000-მდე და გზის მიმდებარედ განლაგებულ 13 სოფელში მცხოვრებ 7 000-მდე ადამიანს გადაადგილების პირობები გაუუმჯობესდება და უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების საშუალება ექნებათ.
პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ძირულა-მოლითის 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას კომპანია „ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 51 467 681 ლარია. სამუშაოების დასრულება 2020 წლის სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.