ძალოსნობაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება– ეს გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელებმა მიიღეს, რომლებიც ჯერ შვედეთის ქალაქ ჰალმსტადის კანდიდატურის მხარდამჭერები იყვნენ, მოგვიანებით კი არჩევანი ტირანას სასარგებლოდ გააკეთეს.
2018 წლის ჩემპიონატი ანტალიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ თურქეთის ძალოსნობის ფედერაცია, ისევე როგორც კიდევ 8 ქვეყნის (ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი) დოპინგ-პრობლემების გამო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს არა მარტო საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ, არამედ ამ ტურნირების მასპინძლობაზეც უარი ეთქვათ.
ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ურსო გენერალურ მდივანთან ერთად ნოემბრის შუა რიცხვებში ტირანაში ჩასვლას და მოლაპარაკების დასრულებას გეგმავს.
ევროპის 2019 წლის ჩემპიონატს კი ბათუმი უმასპინძლებს.