რუმინეთში გამართულ 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს, საქართველოს ნაკრების მძიმეწონოსანმა წევრმა გიორგი ჩხეიძემ ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა.
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 182 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა.
აკვრაში კი ჩხეიძემ 228 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში გიორგი ჩხეიძის შედეგი 410 კგ-ია და ის მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.