ძალოსნობა I ლაშა ტალახაძე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მძიმეწონოსანმა, ლაშა ტალახაძემ კონტინენტის ჩემპიონობა მეშვიდედ იზეიმა.

ტალახაძემ ატაცში 210, 217 და 222 კგ დაძლია, რითიც ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ბაქარ თურმანიძემ 170 და 176 კგ დააფიქსირა და მეოთხე იყო.

ლაშა ტალახაძემ აკვრაში ჯერ – 246, შემდეგ კი 252 კგ დააფიქსირა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში თურმანიძის შედეგი 210 და 216 კგ იყო, ის მეხუთე ადგილზე გავიდა.

ორჭიდის ჯამში ტალახაძემ 474 კგ-ით ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ხოლო თურმანიძემ 392 კგ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა.

ლაშამ ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება 2016 წელს მოიპოვა. იგი მსოფლიოს ექვსგზისა და ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია.

ერევანში ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ტალახაძეს ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ტიტული გადაეცა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი საუკეთესოდ საერთაშორისო სპორტულმა ჟურნალისტებმა აღიარეს.

ერევანში საქართველოს ნაკრების წევრებმა სულ 17 სხვადასხვა სინჯის მედალი მოიპოვეს, მათგან შვიდი ოქროსია.

ძალოსნობაში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 2 დან 17 სექტემბრის ჩათვლით საუდის არაბეთში გაიმართება.