ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, 100-ზე მეტი ადამიანი რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს
შონ კომბსს (ფი დიდის) ძალადობის 100-ზე მეტი ახალი ბრალდება ემუქრება. ამის შესახებ „ბიბისი” წერს.
ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა ადვოკატის, ტონი ბუზბის განცხადებით, 100-ზე მეტი ადამიანი აპირებს რეპერ შონ კომბსის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის ბრალდებით.
ტონი ბუზბი აცხადებს, რომ სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი 9 წლის ასაკში გახდნენ.
მისივე თქმით, ეს არ არის კოლექტიური სარჩელი და თითოეული სავარაუდო მსხვერპლისთვის საქმეები ინდივიდუალურად იქნება განსახილველი.
ბუზბის განცხადებით, ბრალდებები მოიცავს 1991 წლიდან დღემდე პერიოდს, ინციდენტები კი მოხდა ლოს-ანჯელესში, ნიუ იორკსა და მაიამიში. ადვოკატის ინფორმაციით, ინციდენტების უმეტესობა 2015 წლის შემდეგ მოხდა.
ბუზბის თქმით, მოსარჩელეთა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ მათზე სექსუალურად იძალადეს კომბსის მიერ ორგანიზებული წვეულებების შემდეგ, რომლებიც იმართებოდა ცნობილ ადგილებში, ასევე კერძო რეზიდენციებსა და სასტუმროებში.
ამასთან, კომბსის ადვოკატმა, ერიკა ვოლფმა განაცხადა, რომ რეპერი „მტკიცედ და კატეგორიულად“ უარყოფს ბრალდებებს და მათ „ყალბს“ უწოდებს.
ვოლფმა „ბიბისისთან” გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ კომბსს „მოუთმენლად ელოდებოდა პროცესს, რათა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში, სადაც სიმართლე დადგინდება მტკიცებულებებზე დაყრდნობით და არა სპეკულაციებზე.“
შეგახსენებთ, ამერიკელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, რეპერი, პროდიუსერი შონ კომბსი (ცნობილი ფსევდონიმით Diddy) ტრეფიკინგსა და პროსტიტუციისთვის ხელის შეწყობის ბრალდებითაა დაკავებული. პროკურატურის მტკიცებით, კომბსი ბრალდებულია რამდენიმედღიანი დახურული ღონისძიებების დროს დიდი ოდენობის ნარკოტიკის მოხმარებასა და ამ ღონისძიებებზე სექსტრეფიკინგში. გავრცელებული ინფორმაციით, ამ წვეულებებს ჰოლივუდის ცნობილი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.