„ძალა ერთობაშია“ ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს
ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ენზელ მკოიანისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას.
ვაშაძის განცხადებით, პროკურატურამ მკოიანის წინააღმდეგ საქმე უნდა აღძრას.
„იკვეთება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ფასმიკ მარაგოზიანის დანაშაულებრივი ქმედება და მივმართავთ ცესკო-ს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ეს ადამიანი თანამდებობიდან. ჩვენს წარმომადგენელს მიჰქონდა საარჩევნო საოლქო კომისიაში საჩივარი, რითაც ვითხოვდით კონკრეტული უბნების გაუქმებას. მას თავს დაესხა 20-მდე შეიარაღებული ადამიანი. ამ თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ახალქალაქში ენზელ მკოიანი. მათ სასტიკად გაუსწორდნენ ადამიანები, რომლებიც შეიარაღებული იყვნენ ხელკეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით. ამ თავდასხმაში მონაწილეობდა მკოიანის ძმა და შვილი. სასტიკად გაუსწორდნენ ასევე ჩვენს წარმომადგენელს აშოტ კარესიანს. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება პლაკატების ჩამოხევის ფაქტს, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ეს მათთვისაც მიუღებელია და ოლქის წარმომადგენლებს შესაბამისი გაფრთხილება უკვე მისცეს.
„დანაშაულია, როდესაც დეპუტატი თავს იმართლებს იმით, რომ ორი პლაკატი ჩამოხიეს და ამიტომ შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი. ის ადასტურებს ამ ყველაფერს. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მისი დაკავება. ეს არის დანაშაულზე წასწრების ფაქტი. ჩემთვის არ არის მისაღები პლაკატების ჩამოხევა, ჩვენ შესაბამისი გაფრთხილება ყველა ოლქს მივეცით, რომ მსგავსი ტიპის ქმედებას შევეშვათ. პლაკატების ჩამოხსნა ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანიმა გაავრცელა სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
ამასთან, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.