დვალმა „ფერენცვაროშთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა - ამ გუნდში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე #1TVSPORT
„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, გიორგი ხარაიშვილი და ლაშა დვალი „ფერენცვაროშის“ შემადგენლობაში უნგრეთის ჩემპიონები გახდნენ. „ფერენცვაროშმა“ 32-ე ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა. ლაშა დვალისთვის კი ეს ზედიზედ მესამე ჩემპიონობაა.
„შესანიშნავი გრძნობა და დიდი პატივია, მესამედ მოიგო უნგრეთის პირველობა. „ფერენცვაროში” ზედიზედ სამჯერ ქვეყნის ჩემპიონობა თითქმის, 100 წლის წინ მოიპოვა. მარტივი არ არის ზედიზედ რამდენიმეჯერ ოქროს მედლის მიღება. ბედნიერი ვარ, რომ ამ ისტორიის ნაწილი ვარ და დიდ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე“, – ამბობს ლაშა დვალი.
„
ფერენცვაროში“ ევროტურნირებზე ყოველწიურად ასპარეზობს. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. დვალმა ტურინის „იუვენტუსთან“, კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაში გაიხსენა:
„ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მაღალი დონის ტურნირია და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ცალკე რონალდოზე არ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ ზოგადად უმაღლესი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ ვითამაშე და ვფიქრობ, ეს წინსვლასა და განვითარებაში დამეხმარება“.
მან ეროვნულ ნაკრებს მთავარ მწვრთნელზე, ვილი სანიოლსა და „ჯვაროსნების“ მიერ გამართულ ბოლო მატჩებზეც ილაპარაკა:
„კარგი შეხვედრები ჩავატარეთ, მჯერა ეს მალე შედეგშიც აისახება. ვფიქრობ, იღბალი „დაგვაკლდა“, არადა ბოლო სამ თამაშში 3-4 ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით. ყველა ქართველი ფეხბურთელის და არა მხოლოდ ფეხბურთელის ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე ითამაშოს. დღე არ გავა, რომ მაგაზე არ ვიფიქრო. მჯერა, ეს დროც მალე დადგება“.
ლაშა დვალი ინტერვიუში არ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა „ფერენცვაროში” დაეტოვებინა და განაცხადა, რომ უკეთეს და კიდევ უფრო ძლიერ კლუბში გადასვლა სურდა. მას გუნდთან ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა, თუმცა გაირკვა, რომ „ფერენცვაროშთან” კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა.