ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ცენტრი დვაიტ ჰოვარდი კაირი ირვინგის შეხედულებას იზიარებს და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სეზონის განახლების წინააღმდეგია. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ „ბრუკლინის“ გამთამაშებელმა ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც დაახლოებით 80-მდე კალათბურთელი მონაწილეობდა. მოთამაშეების დიდ ნაწილს, კაირი ირვინგისა და დვაიტ ჰოვარდის ჩათვლით, სეზონის განახლება არ სურთ
„მე ვეთანხმები კაირი ირვინგს. კალათბურთი, ისევე როგორც სხვა სპორტის სახეობები ახლა ნაკლებად მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ გადაიტანს ყურადღებას მთავარი თემიდან. ამჟამად, ჩვენ სამართლიანობის მოსაპოვებლად ვიბრძვით. ალბათ ხვდებით, რომ პირველი ჩემპიონის ტიტული ჩემთვის ყველაზე სასიხარულო ამბავი იქნებოდა, თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანი ჩემი ერის ერთ მუშტად შეკვრაა. ამჟამად. ყველამ ჩვენს ოჯახებზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს ჰოვარდი (CNN-ის ჟურნალისტი ჯილ მარტინი ავრცელებს).
შეგახსენებთ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია სეზონის განახლებას 30 ივლისს ორლანდოში გეგმავს. გუნდები კომპანია „ვოლტ დისნეის“ ტერიტორიაზე ივლისის დასაწყისში უნდა შეიკრიბონ და კარანტინი გაიარონ, რის შემდეგაც იგეგმება ვარჯიშების დაწყება, თუმცა ძალიან ბევრი კალათბურთელი ამერიკაში ამჟამად მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და პანდემიური ფონის გამო სეზონის განახლების წინააღმდეგია.