დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღებაში ბრალდებული 1995 წელს დაბადებული დ.ჟ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში, 1942 წელს დაბადებული ს.წ.-ს საცხოვრებელ სახლს ყაჩაღურად თავს დაესხა, რის შემდეგაც სახლის მეპატრონეს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით 9000 ლარი გასტაცა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.