დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დუშეთში ისტორიული უბნის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

რეაბილიტაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს დუშეთის ცენტრალური ნაწილის – რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები. პროექტით განსაზღვრულია, ასევე ორი განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე სახლის – ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. აპრელოვის სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია-რესტავრაცია.

უწყებაში განმარატვენ, რომ პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა.

რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობაც.

“ჩვენი მთავარი ამოცანაა, პირველ რიგში, ამ სახლებს დავუბრუნოთ  ისტორიული იერსახე, რომელიც დაკარგეს საბჭოთა პერიოდის განმავლობაში და ასეთი სახით დუშეთს დავუბრუნოთ იერსახე, რის გამოც დუშეთი იყო ამ რეგიონის ცენტრი. ჩვენც და ჩვენი პარტნიორი მსოფლიო ბანკი, რომლის დაფინანსებითაც ხორციელდება ეს პროექტი, ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ასეთი პროექტების შედეგად შევძლებთ შევძინოთ მათ ტურისტული მიმზიდველობაც. შესაბამისად, ეკონომიკური აქტივობაც იქნება ბევრად უფრო წახალისებული და ხელშეწყობილი და რაც მთავარია, ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, დაიწყოს საკუთარი ბიზნესი, ჰქონდეს შემოსავალი, დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს და ასეთი სახით თვითონაც შეიტანოს წვლილი თავისივე მშობლიური ქალაქების განვითარებაში. რაც ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი – ზოგადად, რეგიონული განვითარება და ეკონომიკური განვითარება გახდეს შეუქცევადი და დაეყრდნოს ასეთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიულ საფუძველს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა, უკვე დაასრულა დუშეთში, ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში განხორციელდა შადრევნის, სანიაღვრეების, კანალიზაციის, საყრდენი კედლის გამაგრება, ბილიკებისა და პატარ-პატარა სკვერების მოწყობა. სამუშაოები ითვალისწინებდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გარე მოპირკეთებასაც.

დუშეთის ისტორიული უბნის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას მინისტრთან ერთად გაეცნო მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და  მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია.