დუშეთის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები
ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, სოფელ კანათიასთან, სადაც მეწყერია ჩამოსული, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც საქართველოს პირველ არხს დუშეთის მერმა, მაცაცო ნარიმანიძემ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„დაშავებული ამ წუთში არავინ არ არის. ახლა ვარ ჟინვალი-ბარისახლო-შატილის გზის ცენტრალურ მონაკვეთზე, სოფელ კანათიასთან არმისული, სადაც მეწყერია ჩამოსული და ამ წუთში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გარდა, კიდევ სამი ლოკაციაა. ადგილზეა სამაშველო სამსახური, როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული, ადგილზეა ტექნიკა, მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან. ამას გარდა, გვაქვს შემდეგი ლოკაციები – ამ გზაზე არის სამი და ოთხი ლოკაცია-ბარისახოშია, ჩარგალშია, მაღაროსთან არის, სადაც გაფუჭებულია გზა და მეწყერებია ჩამოსული. ეტაპობრივად ვწმენდთ და წინ მივიწევთ“,- განაცხადა დუშეთის მერმა.
მისივე თქმით, მეწყერი ასევე ჩამოწვა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„კიდევ გვქონდა მეწყერი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 53-ე კილომეტრზე, არმისული ბუჩაანთკარია. იქ მთლიანი ტყის მეწყერი გამოვიდა აქეთ, ცენტრალურ გზაზე და საგზაო დეპარტამენტი იქაც გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. ქვეშეთშია სტიქია და გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთში არ მიმდინარეობს, რადგან ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვაკეთებთ. უბრალოდ არაგვია ადიდებული“,- განაცხადა მაცაცო ნარიმანიძემ.
ამასთან, როგორც დუშეთის მერმა განაცხადა, ზემო მლეთაში ორი ოჯახი გამოასახლეს, რადგან მათ საფრთხე ემუქრებოდათ.
„ზემო მლეთაში გვყავს რამდენიმე ოჯახი, რომლის ევაკუაციაც უკვე განვახორციელეთ, სამაშველო დაგვეხმარა. ორი ოჯახი გამოვასახლეთ, ვისაც საფრთხე ემუქრებოდა. ესენი არიან ეკომიგრანტები იმ ტერიტორიაზე. გაწმენდითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ყველგან თითქმის მიმდინარეობს.
სტიქიამ ზარალი მოგვაყენა ჭადიჯვრის თემი, ჭილურდია, ებნისი. დაშავებული არავინ არ არის. მუდმივად ხაზზე ვართ, ყველა მოსახლე მირეკავს. ექსკურსიებია ფშავის მხარეს წამოსული და აქაც იგივე სიტუაციაა. ექსკურსიაზე მყოფები უბრალოდ ჩაიკეტნენ, მოსახლეობაში არიან ექსკურსიის ბავშვები გადანაწილებული და მშვიდად არიან, გზა გაიწმინდება და გამოვლენ. მუდმივ კომუნიკაციაზე ვარ მათთან“,- განაცხადა დუშეთის მერმა.