დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დუშეთის მუნიციპალიტეტში როშკა-არხოტის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 28 კილომეტრიანი გზა მთლიანად გაიჭრა და მაღალი გამავლობის ავტომობილებს შეუძლიათ გადაადგილება.
პროექტის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. მშენებარე გზის დათვალიერების შემდეგ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებელ კომპანიასთან და დეტალურად განიხილეს პროექტის მიმდინარეობა.
სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.
ზღვის დონიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილზე მკაცრი და ხანგრძლივი ზამთარია, რაც სამუშაო პროცესს ართულებს.
გზის არარსებობის გამო, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს.