დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევის მოსახლეობამ აქცია გამართა
დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში მოსახლეობა დროებითი საცხოვრებლის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, 49-ნომრიანი საცხოვრებელი ახალი შემოვლითი მაგისტრალის, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი გზაზე დასაქმებულებისთვის შენდება.
ადგილობრივების თქმით, მშენებლობა სოფელ ნაღვარევის მე-13 საუკუნის წმინდა გიორგის ტაძართან ახლოს მიმდინარობს, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს აზიანებს.
დღეს ადგილზე ჩავიდა ჩინური სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ადგილზე მშენებლობა იქამდე არ განახლდება, ვიდრე მშნებლობის უფლებას არ მოიპოვებენ.
როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, თენგიზ ბედოიძემ განაცხადა, კომპანიამ მშენებლობის ნებართვისთვის ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართა, თუცა მათ მშნებლობის უფლება არ მისცეს. ამის მიუხედავად, კომპანიამ შენობის საძირკველი მაინც ააშენა. ამ დროისთვის ადგილზე მშენებლობა შეჩერებულია.
ადგილობრივებს თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობა განახლდება, ისინი მასშტაბური აქციით იმუქრებიან.
ამასთან, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, ამჟამად მიმდინარეობს საკითხის სრული შესწავლა, რის შემდეგაც მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.
„დუშეთის მუნიციპალიტეტი არ დაუშვებს, რომ სოფელ ნაღვარევის ეკლესიას შეექმნას რაიმე საფრთხე“,- აცხადებენ მუნიციპალიტეტში.