დუმის ყოფილი დეპუტატი - პუტინს უახლოესი გარემოცვა ყირიმში ცხინვალის მსგავსი სცენარის გათამაშებას ურჩევდა
2014 წელს რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა პუტინს ურჩევდა ყირიმის ანექსია არ მოეხდინა და ცხინვალის მსგავსი სცენარი გაეთამაშებინა. ასეთი განცხადება დუმის ყოფილმა დეპუტატმა ილია პონომორიოვმა კიევში, სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს გააკეთა. ის მოწმის სტატუსით დაკითხეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს.
როგორც პონომორიოვი ამტკიცებს, პუტინმა ყირიმის ანექსიის შესახებ გადაწყვეტილება იანუკოვიჩისგან წერილის მიღებამდე მიიღო. ყოფილი დეპუტატი ამტკიცებს, რომ 2014 წლის 22 თებერვალს პუტინი სოჭში ავიაკატასტროფაში მოჰყვა. კერძოდ, ვერტმფრენმა, რომელშიც პუტინი იმყოფებოდა, ავარიულად დაეშვა.
„პუტინმა ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ მოწყობილ თავდასხმად აღიქვა. ამავე დღეს იანუკოვიჩი კიევიდან გაიქცა. ამიტომ მას ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდნენ. 22 თებერვალს ღამით პუტინმა უახლოესი გარემოცვა შეკრიბა და თათბირზე პრეზიდენტმა ყირიმის ანექსიის საკითხი დააყენა. შეხვედრის მონაწილეების უმეტესობა ამის წინააღმდეგი იყო და პუტინს ცხინვალის მსგავსი სცენარის გათამაშებას ურჩევდა“, – განაცხადა პონომორიოვმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სახელმწიფო ღალატში სდებენ ბრალს. კერძოდ, ბრალდება ამტკიცებს, რომ იანუკოვიჩის მიერ 2014 წლის თებერვალში პუტინისთვის მიწერილი წერილი, სადაც ის უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანას ითხოვს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი ქმედებაა.
იანუკოვიჩს დაუსწრებლად ასამართლებენ.