დუისის საყდრისთავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
დუისის საყდრისთავის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ დუისში მდებარე, გვიან შუა საუკუნეების დუისის საყდრისთავის ეკლესიას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის, შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას ჩრდილოეთისა და სამხრეთის შემდგომდროინდელი მინაშენებით. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ქვიშაქვით, რიყისა და შირიმის ქვით დუღაბზე.

„ეკლესია მოხატული ყოფილა. შემორჩენილია მხოლოდ ფრაგმენტები. აბსიდაში იკითხება წმინდანთა სილუეტები. მოხატულობა ფერების მიხედვით გვიანი შუა საუკუნეების უნდა იყოს. შემორჩენილია: ცენტრალური ეკლესიის აღმოსავლეთი ნაწილი კონქით და დასავლეთი კედელი. სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლები მხოლოდ ქვედა წყობითაა მოღწეული. ინტერიერი ამოვსებულია ნაშალი მასით. კედლები გარღვეულია.

შელესილობა და მოხატულობა ფრაგმენტული. სამხრეთის მინაშენის მხოლოდ აბსიდა და კონქის ნაწილი. დანარჩენი კედლები მხოლოდ ქვედა წყობითაა მოღწეული. ამოვსებულია ნაშალი მასით.

ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილია შემორჩენილი კამარით. დასავლეთი ნაწილი დაფარულია ნაშალი ფენით.

ეკლესიას აქვს ძეგლისთვის მახასიათებელი შემდეგი ნიშნები: არქიტექტურული ფორმა, სარკმელთა და კართა მოყვანილობა, მხატვრობა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.